რუსული კანონისთვის გცალიათ, ყველაფრისთვის, რაც ანტიევროპულია, გცალიათ და ხალხისთვის რატომ არ გცალიათ? - ვაშაძე "ოცნებას"
"სტრატეგია აღმშენებლის" ლიდერი ხელისუფლებას შეკითხვით მიმართავს, რატომ აქვთ ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, რაიონებში ბაღის აღმზრდელების მაქსიმალური ხელფასი 272, გურჯაანში კი მისი ოდენობა 138 ლარია.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ანაზღაურებით თავის გატანა, უბრალოდ, შეუძლებელია. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს და მხოლოდ იმისთვის იცლის, რაც ანტიევროპულია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმეგება.
ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა მივმართო - რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე მთელი საქართველოს მასშტაბით? როგორ მოხდა ისე, რომ მაგალითად, სომხეთში საბავშვო ბაღებში მინიმალური ანაზღაურება არის 310 დოლარი. საქართველოში, მაგალითად, ხონში რომ გავიაროთ 272 ლარია, ხობი - 250 ლარი, გურჯაანი - 138 ლარი. აღმზრდელს აქვს 138 ლარი ხელფასი. მაგალითად, მეორე ცვლის აღმზრდელი თბილისში - 294 ლარი. არამარტო საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, სამუსიკო სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა ხელფასების კუთხით. კითხვას გისვამთ - როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანმებმა ელემენტარულად იმუშაონ ამ
დაბალ ანაზღაურებაზე? რანაირად შეიძლება თავი გაიტანონ?
რუსული კანონისთვის გცალიათ, ქალების კვოტირების გაუქმებისთვის გცალიათ, ყველაფერი, რაც ანტიევროპულია, გცალიათ. რაც ანტიევროპულია ყველაფერს ბიუჯეტიდან აფინანსებთ. რანაირად შეიძლება, რომ თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ის რაც საზოგადოების ინტერესში არ შედის? რატომ არის ასეთი უდიერი დამოკიდებულება [საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა მიმართ?] ნუ იტყვით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის.
ამ ფონზე რომ მოდიხართ და ამ კითხვებს პასუხებს არ სცემთ, პარლამენტში დაჩქარებულად დააინიცირეთ ისევ “რუსული კანონი”. საზოგადოებას ვეუბნები - ხალხო, საქართველოს მომავალი არ აქვს ამ ადამიანებთან ერთად. კანონი, რომელიც ხალხმა უკან გაატანინა, ისევ უკან უნდა შემოიტანოთ, რადგან არ ვუსაუბროთ იმ უზარმაზარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაშიც საზოგადოება ჩააგდეს.
ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ხან ვფიქრობ, ან სინდისი ან ნამუსი, რამე აღარ შერჩათ ამ ადამიანებს?, -განაცხადა ვაშაძემ.