პრაიდის ორგანიზატორებს ვაფრთხილებდით - შსს თავის მართლების რეჟიმშია

07.07.21 15:20
პრაიდის ორგანიზატორებს ვაფრთხილებდით - შსს თავის მართლების რეჟიმშია

5 ივლისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია -  მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს უწყება აფრთხილებდნენ, რომ რისკები არსებობდა, აქტივისტებს ალტერნატიული ადგილიც შესთავაზეს, რაზეც "თბილისი პრაიდისგან" უარი მიიღეს.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პოლიციამ  1 და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოების დაცვა მოახერხა. 

 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებითაც რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიების ჩატარების"- განაცხადა დარახველიძემ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის პირებთან, სადაც შს მინისტრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ 1-3 ივლისის ღონისძიებასთან მიმართებაში სრულად იქნებოდა დაცული მონაწილეთა შეკრება მანიფესტაციის უფლება.

ხოლო რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას არსებობდა სერიოზული რისკები, რაც ღია და დახურული წყაროებიდან შს სამინისტროს ჰქონდა. მიუხედავად ჩვენი არა ერთი გაფრთხილებისა ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის, არც მასშტაბის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა დარახველიძემ.