"საქართველო იქცევა ჩვეულებრივ ოლიგარქატად, სადაც საპარლამენტო ადგილებს მხოლოდ ყიდულობენ" - სამადაშვილი
"საქართველო იქცევა ჩვეულებრივ ოლიგარქატად, სადაც საპარლამენტო ადგილებს მხოლოდ ყიდულობენ" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს პირდაპირ უთხრა, რომ აწი ვერცერთი მათგანი პარლამენტში ვეღარ მოხვდება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელ ქალებს მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერცერთი ამ პარლამენტში ვეღარ მოხვდებით, რადგან თქვენს ადგილს დაიკავებენ მაჟორიტარები, რომლებიც წინა საარჩევნოდ "ქართული ოცნების" ყულაბაში შეიტანენ შესაბამის ფინანსურ შენატანს და საქართველო იქცევა ჩვეულებრივ ოლიგარქატად, სადაც საპარლამენტო ადგილებს მხოლოდ ყიდულობენ. ეს არის ამ ცვლილების მიზეზი და მიზანი. სხვა დანიშნულება ამ კანონპროექტს არ აქვს", - ამბობს სამადაშვილი.
პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" დოკუმენტს მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს, პროცედურის მიხედვით, ეს დოკუმენტი პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს ხელმოსაწერად, თუმცა უცნობია მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ხელს აღნიშნულ დოკუმენტს თუ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
"გირჩის" ინიციატივის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, "გირჩი" მმართველ პარტიასთან შეთანხმებაში შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ინიციატივას გაიტანს, მაშინ ხვიჩია-მეგრელიშვილის პარტია ივანიშვილის გუნდის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერს.