რუსული კანონის შემობრუნება, ქალებზე თავდასხმა - რა საკითხებზე იმსჯელეს პრეზიდენტთან
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდება - შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ მედიასთან საუბრის დროს ის მთავარი საკითხები გამოყო, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრეს.
პრეზიდენტთან მსჯელობა იყო როგორც რუსულ კანონზე, ასევე გენდერული კვოტების გაუქმებაზე.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და იმ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის ევროკავშირის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი, "რუსული კანონის" დაინიცირებით, ქალებზე თავდასხმა. შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერზე, ამ სიბინძურეზე, საქართველოს მოქალაქეების უგულებელყოფაზე, როდესაც ჩვენი ნაკრები იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატზე გადის, "ქართული ოცნება" ამას უპირისპირებს რუსულ კანონმდებლობას, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს-გამარჯვება არჩევნებზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე ნამდვილად არ გვისაუბრია. მთავარი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი", - განაცხადა დეკანოიძემ.
პრეზიდენტთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. გენდერული კვოტების გაუქმებისა და რუსული კანონის ხელახალა ინიცირების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.