ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩალის ფასი აქვს - კახა კალაძე
კახა კალაძე თვლის, რომ რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გაწვევა „ქართული ოცნების” შეცდომა იყო.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ საზოგადოებას სწორად ვერ აუხსნეს და ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერ მიაწოდა.
კანონს “საერთოდ არანაირი კავშირი რუსესთთან არ აქვს” - ამტკიცებდა დღეს კახა კალაძე.
რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს ის, რომ აღნიშნული კანონი შენიღბეს "რუსულად", რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი რუსეთთან არ აქვს"- აღნიშნა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი რიგ ევროპარლამენტარებს დაუპირისპირდა და თქვა, რომ მათ განცხადებას ჩალის ფასი აქვს:
ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, გვინდა ევროპა. რა არის ევროპის და ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები, რაზე დგას?, რაზეა დაფუძნებული? ეს არის: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, გამჭვირვალობა, განსხვავებული აზრის მიღება და ა.შ. ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, ვისზეც თქვენ შეკითხვას მისვამთ, ჩემთვის არანაირი ფასი არ აქვს, ჩალის ფასი აქვს. აგიხსნით, რატომ აქვს ჩემთვის ჩალის ფასი. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ საუბრობთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ ჩვენ და საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თეთრზე გვეუბნებოდნენ, რომ შავია. დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. იგივეს გვიმტკიცებენ. თავიანთი განცხადებებით, თავიანთი მიღებული გადაწყვეტილებებით, რასაც აქვეყნებდნენ და საბოლოო ჯამში ვიგებდით, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების მიღება”, - განმარტა კალაძემ.