დააკავეს ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა
ქალს, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა, ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დედა შვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და აიძულებდა მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას. პროკურატურის ინფორმაციით, "ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება."
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში.