სასამართლომ ზურაბ მახარაძესა და მის თანაგუნდელს გირაო შეუფარდა
ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი ოდენობით გირაო შეეფარდათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭერთა უკმაყოფილება და სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს კადრებს, რომლის საფუძველზეც ახლა ჩვენ რაღაც ბრალდება წაგვიყენეს, მიხვდება, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე მანდ არ არის. იმიტომ, რომ ეგ ისეთი რაღაც არის, რომ მაგაზე თუ ადამიანის დაჭერა შეიძლება ყველა თუ არა 90% ქართველი პოლიტიკოსების ციხეში უნდა იჯდეს და ნახევარი საქართველო, ალბათ კიდევ ზემოდან.
ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის აქტს და არ გადავიხდი გირაოს და მერე თვითონ გადაწყვიტოს „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც სასამართლოსა და ძალოვნებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, თუ უნდათ, რა ვიცი დამაკავონ. მე გირაოს არ გადავიხდი”, – განაცხადა მახარაძემ.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას არ ადასტურებს. ადვოკატის განცხადებით, ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაცია სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საქმის მასალების მიხედვით, 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.