რუსული კანონის ხელახალი ინიცირება - "ოცნების" ახალი რიტორიკა და ისრების გადატანა მესამე სექტორზე

05.04.24 12:01
რუსული კანონის ხელახალი ინიცირება - "ოცნების" ახალი რიტორიკა და ისრების გადატანა მესამე სექტორზე

ნაღმები "ქართული ოცნების" რუსულ კანონში - სახელისუფლებო პარტიის გეგმით, კანონის დამტკიცების შემდეგ  უცხოურ ძალად მიიჩნევა ყველა პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

იუსტიციის სამინისტროს კი არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ თავისუფალ მედიაში შესვლა ნებისმიერ დროს, მოქალაქის წერილობითი განცხადებების საფუძველზეც კი შეეძლება. პროექტი აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება კანონს რეპრესიებისთვის გამოიყენებს.

"ოცნება" კი პასუხისმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციების აკისრებს და ამბობს, რომ პირობა არა მათ, არამედ მესამე სექტორმა დაარღვია.

საპარლამენტო უმრავლესობის ახალი მესიჯბოქსი ასეთია - გასულ წელს "ოცნებას" არ დაუდვია პირობა, რომ რუსული კანონი ხელახლა არ შემობრუნდებოდა პარლამენტში, არამედ მესამე სექტორი შეთანხმდა, რომ ისინი უფრო გამჭვირვალე გახდებოდნენ, რის გამოც ამ კანონის საჭიროება აღარ იქნებოდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ ერთმა წელმა საპირისპირო აჩვენა - ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაარღვიეს პირობა, აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა და ამიტომ შემოაბრუნეს ეს კანონი.

რა თქმა უნდა, განაცხადს თან ახლდა დაპირება, რომ იქნებოდა სრული გამჭვირვალობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა ვისგან, მნიშვნელოვანია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში და აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პოლიტიკის ნაწილი და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ფინანსებით ფინანსდებიან ისინი. 
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო კანონის გარეშე, კანონის მიღება არ ყოფილიყო ამისთვის საჭირო, სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ეს ამგვარად არ მუშაობს, საჭიროა კანონი,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

რატომ ეძახიან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ "ოცნების" ინიცირებულ კანონს რუსულს - ამის განსხვავებული ახსნა აქვს დეპუტატ გიორგი ვოლსკის. თვლის, რომ პარტნიორები ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენენ და კონკრეტულ პირებს სურთ, რომ "საქართველო ეკონომიკურ ქაოსში და ფიზიკურ ნგრევაში მოაყოლონ".

როდესაც რუსული თემა არის წამოწეული, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი დგას შემდეგნაირად - საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ აწესებს და არ შედის ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხვა არანაირი გააფთრებული შეტევის ლოგიკური გამართლება არ არსებობს. ეს არიან ადამიანები, ვისაც უნდათ რომ საქართველო ეკონომიკურ ქაოსში და ფიზიკურ ნგრევაში მოაყოლონ,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები