რატომ მოხსნა კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი? - რა კითხვები აქვთ დეპუტატებს
პრემიერმა ღარიბაშვილის მიერ დანიშნული დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა - ოპოზიციას ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს უჩენს.
დეპუტატი თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ პრემიერად დანიშვნიდან მოკლე ვადაში დაზვერვის სამსახურის უფროსის ცვლილება "ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესების ცვლილებასაც" უკავშირდებოდეს.
აქუბარდიას კითხვები აქვს როგორც პრემიერთან, ისე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან.
რატომ მოხსნა ახლა ის ირაკლი კობახიძემ, როდესაც ამდენი ხნის მანძილზე ის მუშაობდა კარგად. შესაბამისად, მოცემულობაში, როდესაც თავად შალვა ლომიძე წლების მანძილზე ასრულებდა მოვალეობის შემსრულებლის როლს და ჩემი მოწოდების შემდგომ მოხდა მისი დანიშვნა, არ შეიძლება მოვალეობის შემსრულებელი იყოს დიდი ხანი დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხომ არ იქნება იმავეს გამეორება და ხომ არ იქნება უარესით ჩანაცვლება - უარესი კომპეტენციით ან მათ შორის გარკვეულწილად ხომ არ უკავშირდება ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესების ცვლილებასაც, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს როგორც ირაკლი კობახიძემ, ასევე საინტერესოა ირაკლი ბერაიას პოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა შალვა ლომიძის და მისი სამსახურის მუშაობას," - ამბობს თეონა აქუბარდია.
პრემიერის გადაწყვეტილებაზე პასუხი არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამბობს, რომ სამთავრობო საკადრო ცვლილებებზე მას ინფორმაცია არ აქვს.
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. შალვა ლომიძე ყოფილი პრემიერის კადრია - ის ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის აპრილში, დანიშნა. ლომიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის.