მოგვატყუეს, შარშან, დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იქნებოდა - პაპუაშვილი
"რუსული კანონის" შემობრუნება - "ოცნების" მესიჯბოქსი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააგრძელა. შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირობა არა მათ, არამედ მესამე სექტორმა დაარღვია.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში პირადად ხვდებოდა ყველა დონორსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ გამჭვირვალობა არ არის მხოლოდ დონორის არჩევანი, არამედ მისი ვალდებულებაა.
ერთი წელი მე პირადად ვხვდებოდი მათ შორის დონორების წარმომადგენლებს, NED-ის ხელმძღვანელობას, საელჩოების წარმომადგენლებს და ვცდილობდი დამერწმუნებინა ისინი. საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებოდა, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ ვერცერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ და ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახურულობა.
შარშან, ჩვენ - ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას - დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე და ჩვენ მოგვატყუეს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია. ამ საკითხის მოწესრიგება მხოლოდ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების კომპეტენციაა, - განაცხადა პაპუაშვილმა.