სუს უნდა დაინტერესდეს GRU-ს თანამშრომლის საქართველოში შემოსვლისა და აკუსტიკური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტით - SJC

05.04.24 15:50
სუს უნდა დაინტერესდეს GRU-ს თანამშრომლის საქართველოში შემოსვლისა და აკუსტიკური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტით - SJC

სუს-ი უნდა დაინტერესდეს GRU-ს თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და აკუსტიკური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტით დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე - ამ განცხადებას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე სუს-ისგან ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

2024 წლის 1 აპრილს, საგამოძიებო მედია ჯგუფმა The Insider-მა საგამოძიებო ჟურნალისტური მასალა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მეუღლეზე საიდუმლო აკუსტიკური იარაღით თავდასხმა განახორციელა რუსული სამხედრო დაზრვერვის (GRU) თანამშრომელმა. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ზომებია მიღებული აღნიშნული ფაქტის შესასწავლად.

მიმდინარე კვირაში ლატვიაში დაფუძნებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიამ - The Insider-მა, გერმანულ გამოცემა Der Spiegel-სა და ამერიკული ტელევიზია CBS-ის გადაცემა 60 Minute-თან ერთად, გამოაქვეყნა ე.წ. „ჰავანას სინდრომის“ შესახებ ჩატარებული კვლევა. გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ქვეყნებში, რომლებშიც აშშ-ის დიპლომატიური და ცენტრალური დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ჯანმრთელობის ანომალიურ გაუარესებას უჩიოდნენ, რუსული სამხედრო დაზვერვის (GRU) 29155-ე დანაყოფის წევრების ყოფნა დაფიქსირდა, რომელთა ამოცნობაც რამდენიმე მათგანმა მოგვიანებით მოახერხა.[1]

კვლევაში მითითებულია, რომ „ჰავანას სინდრომი“, სავარაუდოდ, რუსული დაზვერვის სამსახურების მიერ შექმნილი „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ გამოყენების შედეგია. GRU-ს ამავე დანაყოფთანაა დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე ოპერაცია ქვეყნის გარეთ, მათ შორის, 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე.[2]

„ჰავანას სინდრომის“ პირველი შემთხვევა 2016 წელს ქალაქ ჰავანაში, კუბაში დაფიქსირდა. ის აღიწერება, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის ანომალიური, უეცარი გაუარესება, რომელიც ხასიათდება მწვავე თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ღებინებითა და მეხსიერების დაქვეითებით. მოგვიანებით აშშ-ის ათობით წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი სიმპტომების ქონაზე მიუთითა.[3] აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ ჩატარებული სამედიცინო კვლევის მიხედვით, დაზარალებულებში „ჰავანას სინდრომის“ კლინიკური ნიშნები, მათ შორის, ტვინის დაზიანება, არ გამოვლინდა.[4]

საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლევა განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ „ჰავანის სინდრომით“ დაზარალებული ერთ-ერთი პირი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მეუღლეა, რომელიც აღწერს, რომ „ჰავანას სინდრომის“ ნიშნები პირველად 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში, დიღმის ტერიტორიაზე, სახლში განიცადა. თავში „ყოვლისმომცველი ხმაურის“ განცდის შემდეგ, სახლის მოპირდაპირე მხარეს შავი მერსედესი და მაღალი მამაკაცი დაინახა, რომელიც სამი წლის შემდეგ მან ამოიცნო, როგორც GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრი ალბერტ ავერიანოვი, ამავდროულად, GRU-ს ამჟამინდელი დირექტორის მოადგილის, ანდრეი ავერიანოვის, შვილი.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა GRU-ს აგენტმა, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ცალსახა საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, ამ შემთხვევაზე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ.

თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და არალეტალური იარაღის საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდო გამოყენების ფაქტიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და რამდენად დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე GRU-ს აგენტის შემოსვლის ფაქტი," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ერთწლიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ვარაუდი, რომ ჯანმრთელობის აუხსნელი და ანონიმური ინციდენტები, ასევე ცნობილი, როგორც „ჰავანის სინდრომი”, შესაძლოა, სათავეს GRU-ს დანაყოფ 29155-ის მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებიდან იღებდეს.

გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება არის ისიც, რომ GRU-ს იმ წევრებნა, რომლებმაც „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” შექმნეს, ჯილდოები მიიღეს. ეს ტერმინი – „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, ვინაიდან ორივე იწვევს აკუსტიკურ არტეფაქტებს მსხვერპლის ტვინში.

The Insider, 60 Minutes და Der Spiegel მიუთითებენ, რომ GRU-ს ქვედანაყოფ 29155-ის მუშაობის ჩარჩო გლობალურია - „ისინი მთელ მსოფლიოში ატარებენ საბოტაჟის ოპერაციებს ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად”.

 

მსგავსი სიახლეები