ბრძოლამ შედეგი გამოიღო: ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის

05.04.24 19:06
ბრძოლამ შედეგი გამოიღო: ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ წლიურ 25 ათასლარიან ლიმიტს მედიკამენტების ხარჯები გამოეყოფა. ეს მედიკამენტები სხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება.

ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვთ აღნიშნული ლიმიტი. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიარეს კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, პარლამენტთან და თავად ონკოპაციენტებთან. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი,“ - განაცხადა სარჯველაძემ ბრიფინგზე.

მინისტრი აანონსებს, რომ სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ „ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.“

მსგავსი სიახლეები