სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 59 წლის კაცი რეანიმაციაში რჩება

08.04.24 12:43
სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 59 წლის კაცი  რეანიმაციაში რჩება

ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 59 წლის კაცი. პაციენტი დამწვრობით მიღებული შოკის მდგომარეობაშია. მას მძიმე დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის ჯანმრთელობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები  ხეჩინაშვილის კლინიკაში ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას. 

მამაკაცი ისევ რეანიმაციის განყოფილებაში რჩება დამწვრობის, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესების გარეშე მივდივართ. დანარჩენი ორი მამაკაცი დამწვრობით ქირურგიულ განყოფილებაშია, უტარედებათ შესაბამისი მკურნალობა, მათი მდგომარეობა სტაბილურია,“ - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ბოჭორმის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღესაც უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება სასროლეთში, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგამოძიებო მოქმედებები სასროლეთის ტერიტორიაზე დღესაც გაგრძელდება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - მათ შორისაა დივერსია და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სამი გარდაცვლილიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები