"არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი" - ხმაური ბიუროს სხდომაზე

08.04.24 15:16
"არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი" - ხმაური ბიუროს სხდომაზე

რუსული კანონის ინიცირება ბიუროს სხდომაზე იწყება. ბიუროს სხდომას შალვა პაპუაშვილის ნაცვლად გიორგი ვოლსკი უძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება.

ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებთ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

პარტია "საქართველოსთვის" "აგენტების კანონის" საპირწონედ პარლამენტში ორ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს".

ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. პარტიამ "საქართველოსთვის" "აგენტების კანონის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ლილუაშვილის თქმით, ანა ბუჩუკური, რომელიც ალტერნატიული კანონპროექტის ავტორია, არ დაუშვა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, რის შემდეგაც გია ვოლსკიმ ნება დართო ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზე შესვლის.

ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა ვოლსკის, რატომ იქნება ამ კანონოპროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი იურიდიული და არა ევროინტეგრაციის. 

მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციის გატარებაც კი საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ამ განმარტებით ბარათში წერია ტყუილები. წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება თურმე ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია. მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელზეც მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და რუსული. ასევე, მაქვს ხელთ ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი. ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი. [...] არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი ამ ქვეყანაში.

თქვენ ახსენეთ, რომ ეს კანონი დაეწერება იურიდიულ კომიტეტს - მაინტერესებს, რატომ არ ეწერება ეს კანონი ევროინტეგრაციის კომიტეტს, პირველ რიგში და შემდეგ, ეს კანონი შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, შესაბამისად, ყველა სფეროს ამ ქვეყანაში რაც მოქმედებს, ამიტომ, ყველა კომიტეტის განსახილველია ეს, იმიტომ რომ ეს კანონი შეეხება და ასამარებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ევროპულ მომავალს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ოცნების" წარმომადგენლებს შეახსენეს წინა წელს გაცემული დაპირება, რომ ისინი კანონპროექტს აღარ დაარეგისტრირებდნენ პარლამენტში, თუმცა ერთი წლის თავზე მმართველმა პარტიამ პირობა დაარღვია.

მსგავსი სიახლეები