რა დირექტივებს იღებდით, როდესაც უცხოურ ორგანიზაციებში მუშაობდით? - რა პასუხი აქვთ "ოცნების" იმ დეპუტატებს, ვინც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებოდნენ
ვისგან იღებდით დავალებებს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდით? - "პირველების" ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობას პასუხი არ აქვთ.
„პირველებმა“ კითხვა დაუსვა იმ დეპუტატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ და მათივე კანონპროექტის თანახმად „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებოდნენ - იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც უცხოური ორგანიზაცია მათ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას აიძულებდა? თუმცა დეპუტატების უმრავლესობა ამ კითხვას თავს არიდებს.
ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა გივი მიქანაძემ, რომელმაც რუსული კანონის პრეზენტაცია გამართა დღეს პარლამენტში და რომელსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მაია ბითაძე კი ამბობს, რომ "ოცნების" მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება, თუმცა არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, „ავალებდა“ თუ არა რომელიმე ორგანიზაცია ანტისახელწმიფოებრივ საქმიანობას, როდესაც ის საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა.
თითოეული ის პროექტი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის კონტრაქტორი, მათ შორის ვიკავებდი მაღალ თანამდებობას გაეროში, ყველა ეს საქმიანობა გადაითარგმნა მარტივად იმ კანონმდებლობაში, რომელიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ არის შემტხვევები და ამაზე პრემიერმა ისაუბრა ნათლად, როდესაც მიმღები არ არის სახელმწიფო, არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია და აბსოლუტურად გაურკვეველი რჩება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ხმარდება ესა თუ ის თანხა, რომელიც დონორის მიერ არის განხორციელებული,“ - ამბობს მაია ბითაძე.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს, რატი იონათამიშვილია, რომელიც დღეს ამტკიცებდა, რომ იმ NGO-ს, სადაც ის მუშაობდა, გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს.
დიახ, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდით, როდესაც ვმუშაობდი კოალიციაში „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, ეს იყო შსმ პიორთა ორგანიზაცია, ჩვენი მუშაობა მაშინაც იყო სრულად გამჭვირვალე, დღესაც არის გამჭვიერვალე ამ ორგანიზაციის მუშაობა და ეს არის ის ღირებულება, რაც გვაერთიანებდა და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მსგაავსი საკითხების ირგვლივ ინფორმაცია ჰქონდეს,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.
მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს შიშები, რადგან გუნდში თვლიან, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთვის კეთილი ინტერესები არ აქვთ.
არჩილ თალაკვაძესაც, ნიკოლოზ სამხარაძესაც, ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც შეუძლიათ იყვნენ ამაყები იმით, რომ ჩვენი პარტნიორებისმ კეთილ ინტერესებს ემსახურებოდნენ და ბევრი კარგი რამ გაუკეთეს ამ, საზოგადოებას. პარტნიორები არიან პარტნიორები, მათ აქვთ ინტერესები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ჩვენი მტრები, ინტერესები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესები აქვთ, ინტერესი შეიძლება იყოს კეთილი. ჩვენ გვაქვს შიშები, რომ არიან ქწვეყნები, რომლებსაც ამ ქვეყანაში აქვთ არაკეთილი ინტერესები,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
20-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს მმართველ გუნდს, ვინ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს ირაკლი კობახიძესაც:
- 2000 – 2001: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
- 2006 – 2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
გივი მიქანაძე
- 2000 – 2001: გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
- 2004 – 2005: ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
- 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
- 2010 – 2013: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
- 2009 – 2010: გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
- 2015 – 2016: ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი;
- 2013 – 2015: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი.
რატი იონათამიშვილი
- 2005 – 2014: კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პოლიტიკური პროექტების დირექტორი. (ორგანიზაციას ვებსაიტზე დონორების გრაფაში მითითებული აქვს: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები).
მაია ბითაძე
- 2001 – 2003: „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი;
- 2003 – 2004: „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი;
- 2004 – 2005: „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი;
- 2004 – 2005: „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი;
- 2006 – 2011: ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;
- 2015 – 2021: გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
არჩილ თალაკვაძე
- 2006 – 2007: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი;
- 2007: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (სოროსის ფონდი), ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი;
- 2011 – 2012: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე.
შალვა პაპუაშვილი
-
2003 – 2007: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
-
2007 – 2015: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
- 2015 – 2017: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
- 2017 – 2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარი
- 1996 – 2004: რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი („რადიო თავისუფლება“ აშშ-ის მთავრობის მიერაა დაფუძნებული);
- 2003-2004: არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ „კანონის უზენაესობის“ დირექტორი. (ორგანიზაცია დასავლელი დონორებისგან ფინანსდებოდა);
- 2004 წელს სოზარ სუბარს „ღია საზოგადოების ფონდისგან“ მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთი სპექტრის პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის. „ღია საზოგადოების ფონდი“ ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ორგანიზაციაა.
- 2010 – 2015: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.