საჯარო რეესტრმა "ალტ ინფოს" პარტია გააუქმა
საჯარო რეესტრმა "ალტ ინფოს" პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) გააუქმა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებლები სოციალურ ქსელში წერენ.
„ოცნებამ“ ჩვენი პარტია გააუქმა. ჩვენ თუ ახლა გავჩერდით, ეროვნულ ფლანგს ამ ქვეყანაში მომავალი აღარ ექნება, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე...
ხელისუფლების დავალებით საჯარო რეესტრმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ გააუქმა," - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტიდან ირკვევა, წარმოების დაწყების საფუძველი 2024 წლის 3 აპრილს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, სადაც მოთხოვილი იყო "კონსერვატიული მოძრაობის" პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა.
რეესტრმა საკითხის შესწალის დროს რამდენიმე გარემოება გამოავლინა:
- ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.
4 აპრილს კი ცესკომ "ალტ ინფო" რეგისტრაციაში გაატარა. საჯარო რეესტრმა ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.
"ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან.