დონორებისგან დაფინანსებული "მეოცნებეები"
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ნიკოლოზ სამხარაძეს მოუწევს, ცოლი და მისი ორგანიზაცია უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად გამოაცხადოს. თუმცა ახლა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა პარტიული მოთხოვნების შესრულება დგას. ემსახურებოდნენ თუ არა "ოცნების" დეპუტატები უცხო ქვეყნის ინტერესებს მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში დონორების ფულს თავად იღებდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს იოლი არ აღმოჩნდა.
არადა "ქართული ოცნების" წევრები დონორებისგან წლების განმავლობაში ფინანსდებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის ყველაზე დიდი სტაჟი შალვა პაპუაშვილს აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ 17 წელი გაატარა მესამე სექტორში. 9 წელი იმუშავა დონორებთან მოქმედმა პრემიერმა. გივი მიქანაძე, რატი იონათამაშვილი, არჩილ თალაკვაძე და კიდევ 20-ზე მეტი "ოცნების" დეპუტატი პოლიტიკაში მესამე სექტორიდან მოვიდნენ. დღეს კი რუსული კანონის დახმარებით ამ ორგანიზაციების დევნის სპეცოპერაცია წამოიწყეს.