"საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ქვეყნის ევროინტეგრაციას" - European exchange და EPDE რუსულ კანონზე
European exchange და „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის შემობრუნების გამო აკრიტიკებს. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში European exchange და EPDE პირდაპირ წერენ, რომ კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ემსახურება და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ გადახედოს საკუთარ პოზიციას და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზისადმი.
„მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი წარმოადგენს არსებით უკუსვლას საქართველოში დემოკრატიისთვის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ კანონმდებლობის სამიზნედ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, არჩევნების დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების ქცევით საქართველოს მთავრობა რისკავს თავისუფალი და ღია საზოგადოების საფუძველს.
სოლიდარობას ვუცხადებთ პროდემოკრატიულ ჯგუფებსა და მოქალაქეებს საქართველოში, ვინც აპროტესტებენ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს კანონპროექტთან დაკავშირებით თავის პოზიციას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზისადმი.
მოვუწოდებთ ევროპელ პოლიტიკოსებს, ქართულ მხარესთან საუბრისას ხაზი გაუსვან იმას, რომ ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც EU-ს კანდიდატის ვალდებულებებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არამედ აფუჭებს ნდობას დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების მიმართ. ასეთი კანონმდებლობის შემოღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ მის ევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
European exchange-ის დირექტორი შტეფანი შიფერი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნათლად უნდა აუხსნას, რომ რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
„საქართველო „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას აპირებს. ეს არ არის თავსებადი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან. რუსეთის ფედერაციის მაგალითი გვიჩვენებს, თუ ვინ არის ამ კანონმდებლობის სამიზნე პირველი – არჩევნებზე დაკვირვება, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, კორუფციასთან ბრძოლა. კანცლერმა შოლცმა ნათლად უნდა განუცხადოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს კობახიძეს, რომელიც ამ კვირაში ბერლინში იქნება, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – წერს შტეფანი მილერი.