"ოცნებაც" და "ალტ ინფოც" ერთი გუნდია, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალ აზიანებს - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ "ალტ ინფო", რომელსაც საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა, ფაქტობრივად, "ოცნების" დანაყოფია. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნება" პრორუსულ ჯგუფს საჭიროებისამებრ იყენებს, სხვა შემთხვევაში კი "გადააგდებს" ხოლმე.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას ახლა პრორუსული ხმების მითვისება სურს და "ალტ ინფოც" რეგისტრაციიდან ამიტომ მოხსნა.
ეს ერთი გუნდის, ორი მხარეა. შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათი ხმები მათ სჭირდებათ. ამიტომ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც მათ სურთ. რიგ შემთხვევაში, როდესაც დასჭირდებათ გამოიყენებენ ამ ადამიანებს, როდესაც არ სჭირდებათ შეუძლიათ, რომ მოისროლონ, გადააგდონ. ახლა ფიქრობენ, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ კანონის პარალელურად, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც მათ სჭირდებათ ეს ერთი გუნდი, ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხოლმე - ხან აჩვენებენ, რომ ვიღაც თითქოს დაიჩაგრა, თითქოს ვინმეს რამე სათამაშო წაართვეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორივე ერთი გუნდია, რომელიც აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.