რუსული კანონის კრიტიკა - მდინარაძე გაეროსგან არგუმენტებს ითხოვს

09.04.24 15:22
რუსული კანონის კრიტიკა - მდინარაძე გაეროსგან არგუმენტებს ითხოვს

რუსული კანონის კრიტიკა - "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან არგუმენტებს ითხოვს.

მდინარაძეს აინტერესებს, რატომ არიან შეშფოთებულები  გაერო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც კანონი გამჭვირვალობას გულისხმობს და მისი თქმით, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოში  სამოქალაქო საზოგადოებას.  

„მათ არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის საფრთხეს, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას ევროპაში საფრთხეს. რატომ არიან შეშფოთებული? გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის, ჩვენ მეგობრებში მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში, არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ.

გაეროს წარმომადგენლებმა გვითხრან, რატომ დააზიანებს, რატომ არის ცუდი, ის რაც არ აზიანებს და არ არის ცუდი, რაც არ არის დამაზიანებელი ევროპაში, აშშ-ში, ისრაელსა და ა.შ, რატომ და კი ბატონო, ამის შემდეგ დავიწყოთ ამაზე ფიქრი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსული კანონის კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.

 

მსგავსი სიახლეები