რუსული კანონი მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია - პრეზიდენტი "ოცნებაზე"
ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა რუსულ კანონზეც ისაუბრა და რუსული კანონის ავტორებს დამარცხება დაუანონსა.
ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყველას გასაგონად თქვა, რომ "ვერავინ, დღეს და ხვალ და ზეგ საქართველოში ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ ვერ გაიმარჯვებს!"
სალომე ზურაბიშვილს დასავლეთის შესაძლო რეაქციაზეც ჰკითხეს, პრეზიდენტმა კი ქართველი ხალხის მიერ წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
მე არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა – გვინდა ის,რაც მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი", - განაცხადა პრეზიდენტმა.