კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მარში დაიწყო

09.04.24 18:29
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მარში დაიწყო

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" "ზღაპრის ბოლო საქართველოა"- თავისუფლების მარში დაიწყო. მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

საპროტესტო მსვლელობაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ მონაწილეობას და მათ ყველას აერთიანებს 35 წლის წინ 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანა პარლამენტში.

შეკრებილებს ერთი გზავნილი აქვს "ოცნებისთვის", რომ მათ რუსული კანონის დამტკიცება არ გამოუვათ.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ მინდა გაიგოს, რომ ორჯერ ერთ მდინარეში შესვლა არ გამიგია და რას აკეთებენ, ვერ ვხდები და მინდა გაიგონ, რომ ვერაფრით ვერ გაუვათ, მიუხედავად იმისა, რას მოიგონებენ, რას გააკეთებენ და ორ კანონს ერთად გაიტანენ და მაგის იმედით იქნებიან, რომ ხალხი არ მივა გასაპროტესტებლად, არაფერი გამოუვათ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეკრებილები აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსული კანონის რეინიცირების გამო და ისტორიულ შეცდომად აფასებენ მმართველი ძალის განზრახვას.

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ასეთი ბრძოლა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღესაც ვებრძვით რუსული მმართველობის სისტემას, რუსულ კანონებს, არავის უთქვამს, რომ ეს ბრძოლა იყო მარტივი ან არის მარტივი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ძალიან რთული, მაგრამ ამ ბრძოლაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ერთიანი,“ - ამბობს ეკა გიგაური.

ჩვენ ვართ ვალში იმ ხალხის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა, რომ თავისუფალ საქართველოში დაბადებულიყვნენ შემდეგი თაობები და თავისუფალ საქართველოში დაბადებულ თაობებს გაუბედა ბიძინა ივანიშვილმა - რუსეთში გამდიდრებულმა რუსმა ოლიგარქმა, რომ შემოაბრუნა მეორეჯერ რუსული კანონი, ამიტომ ამას უნდა გადაყვეს ეს ხელისუფლება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ოქტომბრის არჩევნებზე,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

სიმბოლურია ჩვენი აქ დგომა... მათ თავი გასწირეს საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დღეს საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს იგივეს და ცდილობს, რომ რუსული გავლენები გაამყაროს საქართველოში, ამას ნიშნავს ეს კანონპროექტი,“ - ამბობს ბოტკოველი.

ბავშვებით ვარ, იმიტომ, რომ ამ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის ვართ გარეთ გამოსულები. ძალიან მძიმეა ის, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენ ისევ გვიწევს გარეთ რუსთაველზე დგომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიგვაქანებს უკან - ანარქიაში, ამ ჭაობში, ამხელა სიბინძურეში, რასაც რუსეთი ჰქვია," - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ეს არის ნამდვილად საფინიშო ხაზი, როცა ივანიშვილს წარსულს ჩავაბარებთ და წვალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, 15 დეკემბერს საქართველომ უნდა გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება," - თქვა გიორგი ვაშაძემ.

აქციაზე მისული მოქალაქეები თვლიან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ხელისუფლება უდიდეს შეცდომას უშვებს რუსული კანონის შემოტრიალებით.

ერთი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ მოგვიწევდა საუბარი ამ თემაზე და ვარ გაბრაზებული მოქალაქე, ძალიან გაბრაზებული მოქალაქე, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება აკარგვინებს ყველანაირ შანსს, ახლა, როცა ევროკავშირის გზაზე ვდგავართ და როცა უნდა გადაწყდეს ყველაფერი, ამხელა დანაშაული ჩაიდინო შენი ქვეყნის წინაშე - ისევ პუტინის კანონი შემოაჩეჩო შენს ქვეყანას, ეს არის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად დაეკისრება ქართულ ოცნებას,“ - ამბობს ინგა გრიგოლია.

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და საბოლოო შედეგი მათი გაუქმება იქნება, ამაზე საუბრობენ აქციის მონაწილეები.  

ქართული ოცნება მანიპულირებს, რომ თითქოს ჩვენ შინაარსში არ შევდივართ, რომ თითქოს ეს არ არის რუსული კანონი და რომ თითქოს ევროპაც ამას იღებს და აშშ-ც, მაგრამ ქართული ოცნება ცდილობს, რომ  პირველ რიგში, მისი მხარდამჭერები და შემდეგ ხალხი შეიყვანოს ისტორიულ შეცდომაში, რადგან ამ კანონის მიღებით ჩვენ ყველა შემთხვევაში, მოვექცევით ზუსტად იმავე მმართველობის ქვეშ, რაც არის რუსეთში, სადაც განადგურებულიაა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება," - ამბობს მაია კოპალეიშვილი.

აქციაზე იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც მოქალაქეებს მიმართავს. ლომჯარიას თქმით, ვერც სახდეპი და ვერც ევროკავშირი ვერ განსაზღვრავს იმას, თუ რა მომავალი უნდა ჰქონდეს საქართველოს - ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე.

მინდა ვუთხრა, საქართველოს მოქალაქეებს, რომ დიახ, შეიძლება ისმენთ ძალიან მკაცრ განცხადებებს - ევროკავშირისგან, ევროსაბჭოდან, გაეროდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგრამ ვერავინ საქართველოში ვერ გადაწყვეტს, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ვერცერთი სანქცია ვერ გვიშველის, ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და თავად უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლებაც და ევროპული პერსპექტივაც," - ამბობს ნინო ლომჯარია. 

 

მსგავსი სიახლეები