მოვდიოდით გამოყრილები რუსული ჯარიდან, მშივრები, მაგრამ ძალიან ამაყები - წიკლაური 9 აპრილს იხსენებს
„ჩემი 9 აპრილი იყო რუსეთში - ეს იყო ისეთი უცნაური, როგორც ყველა ჩემი თანატოლი, რუსულ ჯარში მსახურობდა და რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ, რომ თბილისში 9 აპრილს დახოცეს ხალხი, მათ შორის არიან ჩვენი ნაცნობები,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ პარტია „ახალის“ წევრი ნუგზარ წიკლაური საუბრობს.
წიკლაურის თქმით, „თავისუფლების დამარცხება“ შეუძლებელია და რუსული კანონის შემოტანით ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ მიდის.
მე და ჩემი მეგობარი სანდრო გენელიძე ვიყავით იქ, შევხვდით ერთმანეთს, რომ ჩვენ ამათ საჭმელს ვეღარ შევჭამთ - ვართ 18-19 წლის, დაიწყო ჩვენი შიმშილობა და ვფიქრობდით, რომ ჩვენს ქვეყანას ვუჭერთ მხარს, ვუცხადებთ სოლიდარობას, ბოლოს დასრულდა იმით, რომ გამოიცა ბრძანება ვადამდელი გათავისუფლების შესახებ - ახლაც მახსოვს ჩვენი თავი, როგორ მოვდიოდით გამოყრილები იქიდან, მშივრები, ნატანჯები, მაგრამ ძალიან ამაყები და თავისუფლები, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანასთან ვიყავით ამ დღეებში.
ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ამ ბრძოლას ყოველთვის ჰყავდა ისტორიულადაც ორი მხარე, არ არის სიმართლე თითქოს იყო ისეთი ერთიანობა, რომ ყველა იყო ერთ მხარეს, არც 9 აპრილს იყო ასე, არც იმ დროს, როცა ილია ჭავჭავაძე იბრძოდა - ეს იყო მუდამ ბრძოლა და ლაიტმოტივი ქართველი ხალხის იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და მეორე მხარეს იყვნენ გამყიდველები.
ეს არის დაღუპვისკენ გზა, შეიძლება ფიქრობენ, რომ ამ კანონების შემოტანით იხანგრძლივებენ ხელისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში, თავიანთ ადგილს წერენ საქართველოს ისტორიაში და ეს არის ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ადგილი ისტორიაში,“ - ამბობს წიკლაური.