თავის საქმეში უფრო პროფესიონალები არიან - "ოცნება" რუსული კანონის მოწინაღმდეგე მსახიობების წინააღმდეგ
მსახიობების პროტესტმა "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა - ნინო წილოსანი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხელოვანებს პოლიტიკოსებთან გარიგებულებს უწოდებს და ურჩევს ის საქმე აკეთონ, რაშიც დეპუტატის თქმით, პროფესიონალები არიან.
მეტიც, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმდენად ცოტა ხალხი იყო, რომ "აქტივისტები და მსახიობები ერთი წლის წინანდელი აქციის ფოტოებს აზიარებდნენ".
1 წლის წინანდელი აქციის ფოტოების გაზიარებამ და ტრიალმა, ისე თითქოს ახალია, კიდევ უფრო მეტი უარგუმენტობა გამოავლინა გამჭვირვალობის კანონპროექტთან მიმართებაში. მაშინ, როცა სხვა არაფერი ამაგრებს მათ პოზიციას, ალბათ მასიური ტყუილები ერთადერთი გამოსავალია
უფრო მეტიც, ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო - რუსეთს, ეკრანებს და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა იქ გვესაუბრონ". - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს მუსიკისა და დრამის თეატრშიც - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“ მუსკომედიის თეატრის მსახიობებმა, რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.
„ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი.
უმწვავესი იყო „სუხიშვილების" შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს კანონი საქართველოს აცილებს". ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა.
სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ "პოზიცია უცვლელია".