ხუნდაძე შტატებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
განახლებული იერიში სტრატეგიულ პარტნიორზე - "ოცნების" დანაყოფის ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე შტატებიდან წამოსულ მწვავე გზავნილებს ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ზეწოლას და შიშებს "უნდა გაუძლონ".
ხუნდაძის თქმით, ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ საქართველოში დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, ასეთ შემთხვევაში ევროპასთან ასოცირებული ვერ ვიქნებით.
„ეს არის ზეწოლის მცდელობა, რაც არ არის რეალური. ეს უმრავლესობის გუნდის წევრებზე ვერ იმოქმედებს. საქართველო არავის ვასალი არ არის. საქართველოს უნდა პარტნიორული ურთიერთობა და საქართველო იყენებს თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ, ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა კონკრეტულად დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია. ასე რომ, შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას", - განაცხადა ხუნდაძემ.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.
ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.