ყოფილი პრემიერის დიდი ქონება - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ყოფილი პრემიერის დიდი ქონება და ეჭვები კორუფციაზე - საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
დეპუტატებმა ხელმოწერები უკვე შეაგროვეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ღარიბაშვილმა შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებითყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს ხვდებიან. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. საკმარისი ხელმოწერები გვაქვს შეგროვებული. ჩვენ გვინდა მათ სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს საათებში. გვინდა, რომ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე სასაუბროდ, რათა დავიწყოთ ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელმოწერები შეგროვებული გვაქვს, დავაინიცირებთ და ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
თეონა აქუბარდიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის.
მისი თქმით, თუ მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც უარს იტყვის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, კიდევ ერთხელ ცხადი გახდება, რომ მათთვის გამჭვირვალობა არის შირმა იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ დასავლეთს.
„ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის, როდესაც საუბარია სახელმწიფო ქონებაზე, როდესაც საუბარია ბიუჯეტის ქონებაზე. რატომ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის, მოსამართლეების კეთილსინდისიერების საგამოძიებო კომისიას პარლამენტში, რატომ იყო, როდესაც „ქოლცენტრების“ საქმეზე მათ უარი თქვეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ახლაც თუ კიდევ იქნება უარი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, კიდევ ერთხელ იქნება იმის ლუსტრაცია, რომ მათთვის გამჭვირვალობა არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ დასავლეთს და გამჭვირვალობა არ ეხება მათ და კორუფციით გამდიდრებულ იმ პირებს, რომლებმაც ქვეყნის ევროპულ მომავალს უთხრეს არა”, - განაცხადა აქუბარდიამ.