"ოცნებამ" შტატებისგან გაფრთხილება პირად საუბრებშიც მიიღო - რას ამბობს ელჩი რუსულ კანონზე

10.04.24 16:04
"ოცნებამ" შტატებისგან გაფრთხილება პირად საუბრებშიც მიიღო - რას ამბობს ელჩი რუსულ კანონზე

"ქართული ოცნება" რუსული კანონის შემობრუნების გამო დასავლელი პარტნიორებისგან მწვავე განცხადებებს ისმენს.

ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ შტატები რუსული კანონის დაინიცირების გამო შეშფოთებულია და ეს "ოცნებას" როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში უთხრეს.

გამოცდილი დიპლომატი ქართველ პოლიტიკოსებს ეუბნება, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.

აქვე, დანიგანი ამბობს, რომ ამერიკა ამ პოზიციაში მარტო არ არის და შეშფოთებას ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო და ევროპარლამენტიც იზიარებს.

აშშ-მ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია, როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას და ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანობ საზოგადოებას და მოსახლეობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროპარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები - მათაც მიაჩნიათ რომ კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე.  როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა - არის თუარა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი", - განაცხადა დანიგანმა. 

ელჩი "ქართული ოცნების" ნარატივს ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს საერთო აღარაფერი აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან.

რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, მინდა გითხრათ,რომ ეს საერთოდ არ არის მსგავსი კანონი. აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ის რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება ლობისტ ორგანიზაციებს, კომპანიებს თუ პირებს, რომელიც მიემართება სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა რომ დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში. ასე რომ ამ კანონის ამერიკულთან მსგავსებაზე საუბარი არ არის, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ქართველ ხალხთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად  მუშაობით გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას", - ამბობს დანიგანი.

მსგავსი სიახლეები