ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები "ოცნების" დეპუტატებს შეხვდნენ
"ქართული ოცნების" დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩების დონეზე ეს ვიზიტი შედგა და დღეს ისინი საქართველოში იმყოფებიან. პირველ რიგში, ევროკავშირის წევრების მხრიდან ეს არის საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. დელეგაციის ყველა წევრის მიერ დასტურდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაეხმარონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის მიღწევებს, ქართველი ხალხის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებას ეფუძნება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებებით პროგრესის გაგრძელება, რაც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.