PSC-ის წევრებმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს
"დრო ცოტაა, ცხრა ნაბიჯი ახლა უნდა შესრულდეს"- ამ გზავნილით მივიდნენ ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც რუსულ კანონის განხილვას აპირებს.
"თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელისშემშლელი იქნება"- უთხრეს მაღალი რანგის სტუმრებმა ივანიშვილის ხელისუფლებას შეხვედრაზე.
"დრო ცოტაა, ცხრა ნაბიჯი ახლა უნდა შესრულდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელისშემშლელი იქნება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან წამოიჭრა შეშფოთება ბოლოდროინდელ ინიციატივებთან დაკავშირებით, მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის მიერ 2024 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაზე მითითებით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის ღირებულებებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში.
PSC-ის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს მომენტი, 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებითაც. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ODIHR-ის დამკვირვებლები. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იხსენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის დარჩენილი რეკომენდაციების განხილვის აუცილებლობას". - აღნიშნულია პრესრელიზში.
10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები. დელეგაცია წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს.