ჩვენს მოქალაქეებს ეს ქვეყანა იმისთვის არ სჭირდებათ, რომ ივანიშვილს მსხვერპლად შესწირონ - ლილუაშვილი

11.04.24 11:46
ჩვენს მოქალაქეებს ეს ქვეყანა იმისთვის არ სჭირდებათ, რომ ივანიშვილს მსხვერპლად შესწირონ - ლილუაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" აფრთხილებენ, გაითვალისწინონ დასავლეთისგან წამოსული კრიტიკული გზავნილები - ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არ გამორიცხავენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-მ ოლიგარქის გუნდი დაასანქციროს.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ მოცემული ინიციატივა საქართველოს რეპუტაციას მნიშვნელოვნად შელახავს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან მოსალოდნელი სანქციები არა მხოლოდ "ოცნების" დეპუტატებს, არამედ ქართველ ხალხსაც შეეხება, რაც მთლიანად დააზიანებს ქვეყანას.

მე სულ არ მაინტერესებს, ვის პერსონალურ ქონებას დაასანქცირებენ, ვის შეუზღუდავენ გადაადგილებას ქვეყნის გარეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, მაგრამ მაინტერესებს ქვეყნის რეპუტაცია და რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ქვეყნის რეპუტაციას, მათ შორის, საერთაშორისო სანქციები ზღუდავს, აფუჭებს. ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე და ძალიან ბევრი წელი დასჭირდება ამ რეპუტაციის აღდგენას ჩვენი ქვეყნისათვის. ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეს ქვეყანა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მსხვერპლად შესწირონ", - ამბობს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები