პრეზიდენტის დემარში - ზურაბიშვილის წარმომადგენელი ცესკოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსს ეთიშება

11.04.24 11:52
პრეზიდენტის დემარში - ზურაბიშვილის წარმომადგენელი ცესკოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსს ეთიშება

პრეზიდენტის დემარში - სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, ცესკოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსს ეთიშება. ლევან შენგელიამ ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტში გააკეთა. ამ ფორმით, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სოლიდარობას მესამე სექტორს უცხადებს.

ირკვევა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანოზაციამ კომისიას კონკურსის გადავადება იქამდე სთხოვა, ვიდრე რუსულ კანონს პარლამენტი განიხილავდა, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი წარმომადგენლობა ამ პროცესში აღარ იქნება. 

სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა კომისიის ორმა წევრმა განცხადებით მიმართა კომისიას და განაცხადა შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მუშაობისა ამ პროცესში მონაწილეობისა და თქვეს, რომ ისინი შეაჩერებენ თავის მონაწილეობას სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები. დაუკავშირეს ეს გადაწყვეტილება ამ გარემოებას, რაც უკავშირდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. ეს არის ქალბატონი ნინო ჩხობაძე და ბატონი ზაურ ხალილო. თხოვნა იყო, რომ ხომ არ გადაგვედო სხდომა საერთოდ და შემდეგ მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ელოდნენ. რადგან ეს გათვალისწინებული არ იქნა, მე როგორც კომისიის წევრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს გვინდა აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ საზოგადოებას", - ამბობს ლევან შენგელია.

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ამ დრომდე სრულად გასაუბრება მხოლოდ ერთ კანდიდატთან, ლუხუნ ბურჯალიანთან მოხერხდა. ახლა კი საკანონმდებლო ორგანოში გასაუბრება მეორე კანდიდატთან მიმდინარეობს.

ცესკოს წევრობის კანდიდატად ოთხი პირია წარდგენილი, საიდანაც მხოლოდ სამი უნდა აირჩეს. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კალანდარიშვილს კონკურენტი არ ეყოლება. გიორგი კალანდარიშვილი ჯერ პარლამენტში არ იმყოფება. სავარაუდოდ, მას შემდეგ მოვა, რაც წევრობის სამ კანდიდატთან გასაუბრება დასრულდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანდიდატი, ლუხუნ ბურჯალიანი კი აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად ცუდია.

ბურჯალიანის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ პროცესს არავინ გამოეთიშება და აუცილებელი პირების მხრიდან მაღალი ჩართულობა იქნება.

მსგავსი სიახლეები