დასაკარგი დრო არ არის, 9-ვე ნაბიჯი უნდა შესრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად - ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ სპექტრს 9 რეკომენდაციის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდებს.
ჰერჩინსკი ყურადღებას ამახვილებს დათქმების მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ მოლაპარაკების გასახსნელად პირობების შესრულებაა საჭირო.
პრობლემაა ბოლო ინიციატივა, კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ხედვით შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ბორელმა ეს ძალიან მკაფიოდ განმარტა. 24 საათიც არ იყო ამ კანონპროექტის გამოტანიდან, როცა ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, ლეგიტიმური შეშფოთება, რადგან გამჭვირვალობის მოტივი არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ შეზღუდოს და სტიგმატიზება მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების. სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითია დემოკრატიისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი! არ არის არც ევროპული და არც ამერიკული. არსებობს, სხვადასხვა გზები გამჭვირვალობისთვის , მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაკეთებული იმ დიდი, მნიშვნელოვანი საქმის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ.
ჩვენ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. სამოქალქო საზოგადოებას აქვს სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის, ფინანსური დეკლარაციების შევსება, პირიქით, არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ, გავუღეთ კარი ქვეყანას, რომ ვიხილიოთ ის მაგიდის გარშემო, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი. ვიმედოვნებთ, ეს მომენტი დადგება იმდენად ადრე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამიტომაც გვინდა საქართველოს გაძლიერება, რომ ის იყოს უფრო მდგრადი, უფრო დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოება კი მთავარ როლს თამაშობს ყველა დემოკრატიაში. ევროკიმისიისთვის რთული იქნება დადებითი გადაწყვეტილების მიღება, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივაა.
საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია მისი მომავალი, ამაყი ვარ, რომ ევროკავშირმა კარი გახსნა და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. არჩევნი ახლა საქართველოზეა და ვიმედოვნებ, რომ ევროპული მიმართულება დარჩება და საქართველოს პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად არჩევნების პროცესისა, საკმარის დროს დაუთმობს და შეძლებს პროგრესის მიღწევას 9 ნაბიჯის გადადგმის ნაწილში. დასაკარგი დრო არ არის, უნდა გადაიდგას მომდევნო ნაბიჯი მოლაპარაკებების გასახსნელად. ამისთვის კი პირობების შესრულება აუცილებელია, გზის რუკა უკვე გაქვთ, ვიმედოვნებთ, დრო არ იქნება დაკარგული", - ამბობს ჰერჩინსკი.