რუსული კანონის მიღება დასავლეთის შეშფოთების მიზეზი ხდება - რაზე ისაუბრეს დიპლომატებმა ოპოზიციასთან
9 ევროპული დათქმის შესრულების ნაცვლად მოწოდებები რუსული კანონის წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგი "ოცნების" სახიფათო ინიციატივებზე ეწყობა.
დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის პარტიას მკაფიოდ და გარკვევით ეუბნება, რომ რუსული კანონი ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, იმ შემთვევაში კი თუ ხელისუფლება დასავლეთის გაფრთხილებას დააიგნორებს, ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.
ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას, ძალიან ცალსახად, მკაფიოდ შეხვედრის დაწყებისას დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება და გვითხრა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს და იგივე უთხრა "ქართულ ოცნებასაც", რომ ეს კანონმდებლობა, რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. აქ 9 დათქმაზეც აღარ არის საუბარი. ცალსახად, ჩვენ გვაქვს გაფრთხილება, რომელიც არის შემდეგ, საქართველო ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება" - ამბობს "ევროოპტიმისტების" ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის საბოტაჟში ამხილა "ლელოს" ლიდერმაც. შეხვედრიდან გამოსული ბადრი ჯაფარაიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი მიზანმიმართულად ხერგავს საქართველოს კარს დასავლეთში.
ახლა რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსული კანონის მეშვეობით, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სრულად არცერთი რეკომენდაცია არაა შესრულებული. ორი რეკომენდაციაა ნაწილობრივ შესრულებული. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ გამორიცხოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან. ეს არის მიზანდასახული მოქმედებები", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ხელისუფლების უზურპატორების ადგილი კი ევროკავშირში არ არის - ამ განცხადების ავტორი "ახლების" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაა.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რუსული კანონით და ევროკავშირის რეკომენდაციებს უარის თქმით, ქვეყანა დემოკრატიულ არჩევნებამდე ვერ მივა.
საქართველოს ხელისუფლება ღიად და აფიშირებულად აფიქსირებს ნებას, რომ მას ევროკავშირი არ სჭირდება. ესეც გასაგებია, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას აღელვებს საკუთარი თავის შენარჩუნება მმართველ პოზიციაზე და ეს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის სახით არის შესაძლებელი, ხელისუფლების უზურპატორების ადგილი კი ევროკავშირში არ არის. რასაც დღეს "ქართული ოცნება" შვრება რუსული კანონით, ასევე ნებისმიერ სხვა რეკომენდაციაზე უარის თქმით, ამ გზით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებამდე ვერ მივალთ", - ამბობს გვარამია.
ოლიგარქის პარტიას არა თუ საშინაო დავალებების შესრულებას, არამედ იმას ახსენებენ, რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მათი წამოწყება. ევროკავშირის ელჩმა დღეს გადაჭრით თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკომისიისგან პოზიტიურ გზავნილებს აღარ უნდა ელოდოს. დილიდან მესამე სექტორი სწორედ პაველ ჰერჩინსკის მონაწილეობით მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროპულ დათქმებს. გაირკვა, რომ ნოებრიდან ამ დრომდე გაკეთებული ფაქტობრივად არაფერია.