საშიში რუსული კანონი და სტუდენტების მხარდაჭერის იმიტაცია პარლამენტში
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მისაღებად ემზადება და სტუდენტების მხარდაჭერის იმიტაციას ახდენს - მამუკა მდინარაძის მიწვევით საკანონმდებლო ორგანოში მისული სტუდენტების ნაწილი დიდ უხერხულობაში აღმოჩნდა.
"ქართულ ოცნებასთან" კავშირში მხილებული თვითმმართველობის წარმომადგენლები მედიასთან ვრცელ განმარტებებს არც 2 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ აკეთებენ.
ისინი ვინც მედიის კრიტიკული კითხვების პირისპრ აღმოჩნდა, ირწმუნება, რომ კანონპროექტი რუსული არ არის და ინიციატივაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.
ჩვენ გვქონდა კითხვები, რატომ არის ცუდი და რატომ კარგი. ამის შემდეგ ყველაფერზე მივიღეთ ის პასუხი, რაც გვაინტერესებდა. როგორც ვარ სტუდენტი, ასევე ვარ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. უცხო ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ ვატარებ. თქვე გჭირდებათ, რომ ბატონ მამუკას გაესაუბროთ. ამ კანონის მიღების შემდეგ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი არ დაგვერქმევა. აქ არის ქვეკონტექსტები, რის მიხედვითაც იწოდება ის სახელები და ასე ზედაპირულად ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არასწორია", - ამბობს სტუდენტი
სტუდენტებთან შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ არ დარჩენილა ისეთი საკითხი, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან არ განიხილეს.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ კანონპროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს შეიტანენ. კერძოდ, მისი თქმით, მერვე პუნქტში ჩაწერილი სიტყვა "მინიშნება", სიტყვა "ინფორმაციით" შეიცვლება, რათა გარკვეული სახის პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული.
ამ ბავშვებმა, ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არ გაზიარებაც არ შეიძლება. ერთი შეეხება იმას, თუ კანონში რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და ამ ცვლილებას შევიტანთ. ჩანაწერის მერვე პუნქტში, სადაც იყო სიტყვა მინიშნება, შეიცვლება სიტყვა ინფორმაციით, რომ აქ ვინმემ სპეკულაცია არ მოახერხოს. ასევე დაფინანსებასთან დაკავშირებით, როდესაც ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებები, შიდა გრანტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
მეგობარი ქვეყნებიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ისფედი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში პირველად, მაინცდამაინც საქართველოში, აქაც უნიკალური ქვეყანა ვართ, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. საიდან იყო დაფინანსებული ისფედი. გამჭვირვალე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, იქ ეწერა, რომ თუ ვინ აფინანსებდა, მაგრამ არ ვიცოდით, რას აფინანსებდა. მიზნობრიობა იყო არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება და მათ გააყალბეს", - ამბობს მდინარაძე.