კალანდარიშვილი რუსულ კანონზე დასმულ კითხვას არ პასუხობს
პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანდიდატი პარლამენტში დღეს სიგელებით მივიდა - გიორგი კალანდარიშვილს კითხვებს ორი საათის განმავლობაში უსვამდნენ.
დარბაზიდან გამოსულ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატი ამბობს, რომ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის დემარში ვერ იგრძნო. მეტიც, კალანდარიშვილი ფიქრობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ცესკოს საერთაშორისოდ აღიარებული თავმჯდომარე ეყოლება.
კალანდარიშვილი "პირველების" მიერ დასმულ კითხვას, რუსულ კანონთან დაკავშირებით, არ პასუხობს და ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან კანონპროექტი, რომელიც არჩევნებს არ უკავშირდება, შეფასებული ვერ იქნება.
ვინ რა გამოუცხადა ჩემთვის უცნობია. ისიც კი არ ვიცი, ვინ იყო წარმომადგენელი, ამიტომ მოკლებული ვარ შესაძლებლობას. შერჩევის პროცესის შეფასება კანდიდატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს. მე პოზიცია მაქვს ყველაფერთან მიმართებით, მაგრამ ჩემი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მექნება ამ პოზიციაზე არსაქმიანობის შემდგომ და არა ახლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ მოხდეს აღქმული როგორც ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატის პოზიცია და ამ ყველაფერმა არ დააზიანოს ინსტიტუცია", - ამბობს კალანდარიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი ორი საათის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით საუბრობდა, თუ როგორი ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ იგი მრავალპარტიული ნდობით არჩეული თანამდებობის პირია, რომლის მიმართაც გაჟღერებული "ბრალდებები" ყოვლად უსაფუძვლოა.
თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს ჩემს მიკერძოებულ საქმიანობას, აფელირებულობას, ნეიტრალიტეტის დარღვევას. კონკურსის წინ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები მიზნად ისახავდა იმას, რომ განხორციელებულიყო დისკრედიტაცია და ჩემი კანდიდატურის ბმა მმართველ პარტიასთან. როგორც იცით, ჩემი მეორედ არჩევის შემთხვევაში მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ჩემს კანდიდატურას", - თქვა კალანდარიშვილმა.