ექსპრემიერის საეჭვო ქონების შესასწავლად შეიქმნას საგამოძიებო კომისია - "ოცნების" უარი ოპოზიციას
"ქართული ოცნება" უარს ამბობს საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, რომელიც ექსპრემიერ ღარიბაშვილის საეჭვო ქონებას შეისწავლის. მმართველი პარტია, რომელიც მეტი გამჭვირვალობის მოტივით მზად არის რუსული კანონი მიიღოს და ყველა უცხოური გავლენის გამტარად გამოაცხადოს, პრობლემას ვერ ხედავს, თუ მათი თანაგუნდელის მამა ერთ წელიწადში მილიონერი გახდა.
დღეს "ქართული ოცნების" ლიდერები პარტიის თავმჯდომარეს იცავენ და ამბობენ, რომ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ და ოპოზიციის მოთხოვნას "სპეკულაციურს" უწოდებენ.
საგამოძიებო კომისიას არა, რა თქმა უნდა, რადგან ხალხი ამ შოუში ვერ ჩამოყალიბდა, პენსიაა მთავარი შემოსავალი, თუ ბიზნესი. ჯერ შეკრან ეს 50 კაცი. შემდეგ ამ სიბინძურეს პროცედურულ ომს გამოვუცხადებთ თუ არა, ეს ჩვენი საქმეა რეგლამენტის ფარგლებში, მაგრამ იმის იქით ჯერ თავად დააინიციირონ. ჩვენ მხარს რას დავუჭერთ. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სპეკულაციური კომისიის შექმნას მხარს როგორ დავუჭერთ", - ამბობს მდინარაძე.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყოფილი პრემიერის ოჯახის ხარჯები და კოლოსალური შემოსავლებიც. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კი ოპოზიციას ეკუთვნის, რადგან ანტიკორუფციული ბიურო, ფაქტობრივად, უმოქმედოდაა.
"ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკია, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ოცნება" თავის წევრის დაცვას შეეცდება და საგამოძიებო კომისიას არ შექმნის.
ის, რომ ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი ჩვენს რეალობაში, საზოგადოებისთვის ეს ცნობილია საჯარო ინფორმაციით. კორუფცია გვართმევს ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შანსს, არამედ მათ შორის წინაღობაა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" პოლიტიკური კორუფციის გამოყენებით შეეცდება არჩევნების დაფინანსებას, სწორედ ამიტომ დაიცავენ ღარიბაშვილს.
მთლიანად მთელი პარტია პოლიტიკური კორუფციით სულდგმულობს, მათ ერთაერთი შავი ფულის წყარო, რომელიც სჭირდებათ არჩევნების დასაფინანსებლად, არის პოლიტიკური კორუფცია და რა თქმა უნდა, მათ არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვთ, რომ აღიარონ და ებრძოლონ, უარს ეტყვიან კომისიას და კიდევ ერთხელ გააშიშვლებენ ღარიბაშვილის კორუფციას," - ამბობს ლილუაშვილი.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ დარწმუნდება, რომ რუსული კანონის ჩაგდება ამ საკითხით არ დაიჩრდილება.
ჩვენ არ გვინდა, რომ ამ რუსული კანონის თემა სხვა თემებმა გადაფარონ და გაბლაროს და თუ დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს თემა გამოყენებულია ამ კანონის ჩაგდების თუ მასთან ბრძოლის ფარგლებშია, მაშინ მხარს დავუჭერთ, ღარიბაშვილთან დაკავშირებით მართლა ბევრი კითხვა არსებობს, როგორ იშოვეს მათ და მისმა ოჯახის წევრებმა იმდენი ფული ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც მათი შემოსავალი არ დასტურდება რომ მილიონამდე ასულიყო," - ამბობს ხვიჩია.