რუსული კანონის გაკრიტიკების გამო კალაძე თავს სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის
"ქართული ოცნება" რუსული კანონის გაკრიტიკების გამო თავს ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ინტერესებს აზიანებს. "ოცნების" ლიდერი სტარტეგიულ პარტნიორებს ექსტრემისტების დაფინასებაში და სახელმწიფოს ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არ უღირს არცერთი გაერთიანება, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ემსახურება.
არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. ყველა გაერთიანებას ეხება ეს.
ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს?
ერთი არგუმენტი დამისახელოს ვინმემ. ყველა კარგი პროექტის განხორციელებას მივესალმებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელი შეუშალოს ამას, მაგრამ როდესაც საუბარია ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას პატივს ვცემ გერმანიას, ამერიკას, ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა, რას იტყვის ხალხი“,- აღნიშნა კალაძემ.