ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის EU-ში გაწევრიანების დივერსიას აწყობს - POLITICO-ს სტატია
"ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან," - ამის შესახებ POLITICO-ს სტატიაშია საუბარი.
სტატიაში სათაურით „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“, საუბარია რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებასა და განწყობებზე ბრიუსელში.
გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. სტატიაში პირდაპირ წერია, რომ მაშინ, როცა წინა წელს "ოცნებამ" კანონი "უპირობოდ" გაიტანა, ერთი წლის თავზე საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო ძალამ ისევ დააბრუნა.
„შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან“, - აღნიშნულია სტატიაში.
POLITICO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. როგორც პრესსპიკერი ამბობს, რუსული კანონის შესახებ შეფასება კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში მოხვდება, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება. ახალ ანგარიშში მიმოხილული იქნება კანონპროექტის გავლენა ქვეყანაზე და საქართველოში არსებული მდგომარეობა.
საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა", - ამბობს პრესსპიკერი.