ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი - მელიას მადლობა პრეზიდენტს

12.04.24 23:51
ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი - მელიას მადლობა პრეზიდენტს

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის - ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისთვის, "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება. 

ნიკა მელიას თქმით,  "ეს იყო ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი". 

ერთი ადამიანის უფლების აღდგენაც მნიშვნელოვანია და როცა ქალბატონი ზურაბიშვილი ძალიან სწორად, სწორ დროს და სწორი მიზნისთვის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ეს მხოლოდ მისასალმებელია და მადლობა მას ამისთვის. დღეს რომ შესაძლებლობა იყოს რეალური ინტერაქტივის ჩატარება ერთი საათის განმავლობაში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმებოდა ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებას, რამაც პატიმრობიდან ლაზარე გაათავისუფლა", - ამბობს მელია.

"ახალის" ლიდერი რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტსაც აფასებს და ამბობს, რომ  რაც უფრო გვაშორებს ხელისუფლება ევროკავშირს თავისი გადადგმული ნაბიჯებით, მით უფრო იღვიძებს ქართველ ხალხში დაუოკებელი ნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

მე რასაც ვუყურებ, ასეთი პროტესტი არ მახსოვს. ეს არის ყველაზე კულტურული, შემოქმედებითი, თეატრალური და რაც მთავარია ყველაზე შედეგიანი პროტესტი. რაც უფრო გვაშორებს ხელისუფლება ევროკავშირს თავისი გადადგმული ნაბიჯებით, მით უფრო იღვიძებს ქართველ ხალხში დაუოკებელი ნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ეს ყველგან ჩანს. ჩანს თეატრის სცენებზე, ბარებში, ქუჩებში, იგრძნობა ოჯახებში და ამ შანსს ხელიდან არავინ არ გაუშვებს ", - ამბობს მელია.

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

მსგავსი სიახლეები