ქუთაისის მერიამ 100 ათასი ლარით გაზარდა საკუთარი ხარჯები და 70 ათასი ლარი დაიმატა საკუთარ ხელფასებზე - შუშანია
"ქუთაისის მერიამ ასი ათასი ლარით გაიზარდა საკუთარი ხარჯები და 70 ათასი ლარი დაიმატა საკუთარ ხელფასებზე", - ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ გააკეთა.
შუშანია ქუთაისის მერს მიმართავს, შეაჩეროს, ან ბიუჯეტში ეს ცვლილებები არ შეიტანოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სჯობს თანხა უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებას მიმართონ, რომლის დაფინანსებაც 50 ათასი ლარით შეამცირეს.
ქუთაისელები ყოველდღიურად შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავზე, პროდუქტებზე. სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება, ქალაქი იცლება, ადამიანები გარბიან ქალაქიდან, რომ ოჯახები იხსნან სიღარიბისგან. ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება მილიონები და კაცმა არ იცის უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაში როგორ იფლანგება მილიონობით ლარი, ქუთაისის მერიამ პირველი რაც გააკეთა მოიფიქრა, რომ ასი ათასი ლარით გაიზარდოს საკუთარი ხარჯები და მათ შორის 70 ათასი ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად ქუთაისი მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან ხელფასების ზრდის მიუხედავად, ეს თანხები 50 ათასი ლარით შეამცირეს წელს და ორი ლარი და 15 თეთრი იხარჯება მხოლოდ ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ქუთაისი მერს - ან შეაჩეროს ეს და არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, ან თვითონ დაჯდეს და ეს წყალ-წყალა კვება, რომლითაც ყოველდღიურად კვებავენ ბენეფიციარებს, თვითონ დაჯდეს ამ რაციონზე და ნახოს საკმარისია თუ არა ადამიანის ნორმალური გამოკვებისათვის.“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.