ახალი იერიში პრეზიდენტზე - "ოცნება" ზურაბიშვილს რუსეთის პროექტს უწოდებს
ახალი იერიში პრეზიდენტზე - "ქართული ოცნების" წევრები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის პროექტს უწოდებენ. პრეზიდენტის პოლიტიკურმა გზავნილებმა, მმართველი პარტია წყობიდან გამოიყვანა.
ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი რუსულ საქმეს ევროპული დროშით ასრულებს.
ქადაგიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილის განცხადებაზეც, კოალიცური მტავრობის შესახებ და თქვა, რომ ეს პანაცეა არ არის.
პანაცეა კოალიციური მთავრობა არ არის. ეს ახლა ამ უიმედო ოპოზიციისათვის, რომ რაღაცნაირად ხალხში ახალი ცნება შემოიტანონ, ამის პროპაგანდირება ხდება, რომ კოალიციური მთავრობა თითქოს არის რაღაცის პანაცეა. კოალიციური მთავრობა ყალიბდება არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. არიან ქვეყნები, სადაც კოალიციური მთავრობის ვერ ჩამოყალიბების გამო, თვეობით და წლობით არ ჰყავს ხოლმე მთავრობა და ძველი მთავრობა ასრულებს უფლებამოვალეობებს. ევროპის ქვეყნებზე მაქვს საუბარი. სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რაც პროექტი საქართველო გავხადოთ რუსულის მონაწილეა. ადამიანი ისე ასრულებს რუსულ საქმეს ევროპული დროშით და მოლოტოვის კოქტეილით ხელში, რომ დაუწესეთ სანქცია რუსეთს, რომ საქართველოს ეკონომიკა ამით მაქსიმალურად დაზიანდეს და რუსეთიდან კიდევ ახალი აგრესიული ნაბიჯები მივიღოთ. სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც სირცხვილით იწვოდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად არ გააგზავნა თვითმფრინავით მებრძოლები უკრაინაში. საქართველოსთვის რუსული აგრესიის გადმოტანის პროექტის, ანუ რუსულიას პროექტის აქტიური თანამონაწილეა", - ამბობს ქადაგიშვილი.
მმართველი გუნდი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც "ტვ პირველის" ეთერში მოისმინეს, სალომე ზურაბიშვილისთვის "ქართული ოცნება" რუსულ ოცნებად იქცა. ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ოლიგარქის პარტია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გეზი ჩრდილოეთისკენ აქვს აღებული და ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებენ.
ხელისუფლების თავდასხმების მსხვერპლი პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს იმ რეიტინგებსაც, რომლითაც "ოცნება" თავს იწონებს და ამტკიცებს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში 60-იანი მხარდაჭერა ექნებათ. მთავარსარდალმა გააკრიტიკა მმართველი ძალის ის ლიდერებიც, რომლებიც საჯაროდ გამოდიან და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს აკრიტიკებენ.