რუსული ნავთობის ოჯახური ბიზნესი - კობახიძის სანდო კაცის დამალული წარსული
ილია შამუგია - ირაკლი კობახიძის, ყველაზე სანდო კაცი დამალული წარსულით. როგორ მიიღეს ქართული პასპორტები კობახიძის ახლო გარემოცვის წევრებმა და როგორ იქცნენ უმოკლეს დროში, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის მაგნატებად?
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ კობახიძის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ოჯახს საქართველოში, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისგან უკვე 100 მილიონი ლარის რუსული ნავთობი აქვს შემოტანილი.
მფარველობს თუ არა ირაკლი კობახიძე, რუსული ნავთობის ბიზნესს საქართველოში? არის თუ არა მოსკოვიდან ჩამოსული ილია შამუგია პრემიერის მამის მეგობრის შვილი და პროტეჟე?! რატომ ემთხვევა ადმინისტრაციის უფროსის ოჯახის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება, შამუგიას გამოჩენას კობახიძის გუნდში?! "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მთავრობის მეთაურმა არ ისურვა.
ფოტოებში, რომლებიც ირაკლი კობახიძის პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, ელჩებთან და უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრებს ასახავს, 31 წლის შამუგია ყველგან მის გვერდით ზის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებზე, რომლებსაც მხოლოდ ლიდერების პირადი წარმომადგენლები ესწრებიან.
უკვე 6 წელია, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკების დროს, მათ შორის იქ სადაც სავარაუდოდ სახელმწიფო საიდუმლოებები განიხილება, ილია შამუგია კობახიძის გვერდით ზის.
საიდან მოიპოვა ასეთ განსაკუთრებული ნდობა და რა გამოცდილებით მოხვდა ჯერ პარლამენტში და ახლა უკვე მთავრობაში?!
შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ილია შამუგია 2016 წლის საარჩევნო სიაში არც კი ირიცხებოდა. სავარაუდოდ იმის გამო რომ ის ან საქართველოს მოქალაქე არ იყო, ან ქვეყანაში არ ცხოვრობდა. საჯარო წყაროებში "შაბათის ეთერმა" მიაკვლია ცნობას იმის შესახებ, რომ მინიმუმ 2017 წელს ილია შამუგია რუსეთის მოქალაქე იყო.
ჩვენი ინფორმაციით, ქართული პასპორტი კობახიძის სანდო პირმა მხოლოდ 2017 წლის ბოლოს მიიღო, 2018 წელს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ შამუგიას დედას ქეთო ჯახაიას, 2019 წელს დას თამარ შამუგიას, ხოლო მამას დავით შამუგიას 2021 წელს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ოჯახის წევრებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, რუსული პასპორტები არ დაუთმიათ და ოფიციალურად, დოკუმენტებში შამუგიას მშობლები და ამ დრომდე საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეებად არიან მითითებული.
დოკუმენტებით დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ოჯახს, ნავთობის ბიზნესი საქართველოში მას შემდეგ გაუჩნდა რაც ილია შამუგია კობახიძის სანდო კაცი გახდა. მანამდე მათ სახელზე არც ერთ კომპანია არ ყოფილა რეგისტრირებული.
2020 წლის 25 სექტემბერს, პარტია ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თანაშემწის და კომპანია "ჯეტ ოილს" აფუძნებს. კომპანიის საქმიანობის სფერო ნავთობ პროდუქტების ყიდვა-გაყიდვაა. მალევე შამუგიები რუსეთიდან საქართველოში ნავთობის შემოტანას იწყებენ.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კობახიძის ახლო გარემოცვის ოჯახმა საქართველოში მინიმუმ 103 მილიონის ნავთობი უკვე შემოიტანა და გაყიდა.
ირაკლი კობახიძის უახლოესი გარემოცვის წევრის და პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ოჯახის კომპანიას ნავთობი, 2021 - 2022 წლებში უტყუარად რუსეთიდან შემოჰქონდა.
შაბათის გუნდის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ კობახიძის ახლო გარემოცვის წევრის ოჯახს რუსეთიდან ნავთობი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც შემოჰქონდა. "იმპორტ ჯენიუსის" მონაცმებით, "ჯეტ ოილმა" ნავთობი რუსეთიდან მინიმუმ 2022 წლის 30 ნოემბერსაც შემოიტანა.