ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - NGO-ები

09.07.21 10:44
ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში  აღნიშნულია, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. NGO-ები  ასევე აღნიშავენ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის" ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა", - აღნიშნნულია განცხადებაში. 

NGO-ები  მიმართავენ საქართველოს  მთავრობას:

"2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას"


არასამთავრობოები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ:

"უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
მკაფიოდ  და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას"


განცხადებას ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
Სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF