არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი ხვალ ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება
დროის ათვლა დაწყებულია. ზუსტად 23 საათში "ქართული ოცნება" საფრთხის შემცველი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს, სამოქალაქო საზოგადოება კი პროტესტისთვის ემზადებაა. სამსახურში მისულ "ოცნების" კანონმდებლებს დილიდან პარლამენტის კართან ხმაურით და შეძახილებით დახვდებიან.
ორშაბათს, ზუსტად 10:00 საათზე ყურადღების ცენტრში პარლამენტი მოექცევა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ოთახში შესულ დეპუტატებს ხალხი ქუჩიდან გააგონებს საკუთარ სათქმელს.
ქუჩაში გადიან რიგითი მოქალაქეებიც და ისინიც, ვის შესავისწროვებლადაც "ოცნებამ" რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა. აქცია იქნება დილით და საღამოსაც.
ჩვენი თაობის ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება ასე გადაგვახიეს თავზე და მათ შორის ამის გამოხატულებაც იქნება ძალიან მკაფიო ხვალინდელი ჩვენი პროტესტი და ძალიან ბევრი გაბრაზებული ახალგაზრდაა ჩემთან ერთად, ჩემი კურსელები, რიგითი სტუდენტები, რომლებიც არ აპირებენ იმ მონაპოვრის დათმობას, რაც ერთი წლის წინ ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ, - ამბობს მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ნიკო მანაგაძე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება რუსულ კანონს მაინც მიიღებს, საქართველოს რუსეთის მსგავსი ვითარება ელის.
პერპსექტივაში კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა, იმიტომ, რომ ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება იმ გზას, რომელიც გაიარეს რუსეთის ფედერაციაში, როცა ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით მარტივი გამჭვირვალობის კანონით და საბოლოო ჯამში, მივიდა იქამდე, რომ ვიღაცეებს შეიძლება აუკრძალონ უკვე ხმის მიცემა. ეს პერსპექტივა გველის ჩვენც, - ამბობს პროტესტის მონაწილე.