რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია „ლელოს“ შეუერთდა
რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, რუსთავის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება.
ჩვენ გვიერთდება წარმატებული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რუსთავის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, განათლების მაგისტრი, ნინო სულაძე, რომელმაც თავისი საქმიანობით თავი დაამახსოვრა რუსთაველებს. იგი გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ხედვით და მისი შემოერთება „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ ჩვენ განაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რუსთავის საკრებულოში კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ რუსთაველების ყველა საჭირბოროტო საკითხი მაქსიმალურად იყოს მოგვარებული, მაქსიმალურად ყურადღებით და მოკლე ვადებში,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ნინო სულაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორებასა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის "ლელოს" გუნდთან ერთად აქტიურად იმუშავებს.
დიდი მადლობა "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს ასეთი წარდგენისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ვუერთდები "ლელოს" ახალგაზრდა ლიდერთა გუნდს. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს საქართველოში გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცე და ქართულ პოლიტიკაში დადოს ახალი სტანდარტი, სუფთა პოლიტიკის.
როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე, აქტიურად ვიმუშავებ "ლელოს" გუნდთან ერთად, რათა ლოკალურად რუსთაველების ცხოვრება გავაუმჯობესოთ და დიდ მასშტაბში კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები - მე "ლელოს" გუნდთან ერთად აქტიურად ვიმუშავებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე რათა ჩვენ შევძლოთ და დავუბრუნოთ ქართველ ხალხს 200000 სამუშაო ადგილი, რომელიც ოცნებამ გაფლანგა, მივცეთ ჩვენს პენსიონერებს 1000 ლარიანი ღირსეული პენსია, ახალგაზრდები დავიცვათ ნარკო-პანდემიისგან, რომელიც რუსების შემოდინების შედეგად შეიქმნა საქართველოში, ჩვენ "ლელოს" გუნდთან ერთად აუცილებლად დავასრულებთ ანაკლიის პროცეს და სხვა ყველა მეგა პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას გახდეს რეგიონის ლიდერი.
მე ვტოვებ რუსთავის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას, ვტოვებ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" და ვუერთდები "ლელოს", რათა ამ ძლიერ და პროგრესულ გუნდთან ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს გამარჯვებისთვის.
დიდი მადლობა, - თქვა სულაძემ.