კობახიძეს ურჩევნია, ჩირგვებიდან ამოყოს თავი და ოპოზიციას დაუჯდეს დებატში - გეგელია
დასავლეთთან პოლემიკურ ომში შესვლას, კობახიძეს ურჩევნია, ჩირგვებიდან ამოყოს თავი და ოპოზიციას დაუჯდეს დებატში, - ამის შესახებ "ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრემიერს დებატების შნო არ აქვს, რადგან ის დემოკრატიული ოპოზიციის ვერცერთ კითხვას ვერ პასუხობს. მისი თქმით, კობახიძემ თავი ცივილიზებული მსოფლიოს დასაცინი გაიხადა.
კობახიძეს დებატის შნო რომ ჰქონოდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბუჩქებში არ იქნებოდა მიმალული. კაცი, რომელიც საკუთარ პარტიასთან ერთად მუდმივად გაურბის დებატს, ვერ პასუხობს ვერცერთ კითხვას ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე, რომელსაც ისტერიკა ემართება დემოკრატიული ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ყველა შეკითხვასა და ინიციატივაზე, დღეს ენითაღუწერელ სისულელეს ამბობს, როდესაც ელჩებს საჯარო დებატში იწვევს. აქამდე თუ საქართველო იცინოდა, ახლა მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად დასცინებს კობახიძის ტოტალურ სიბრიყვეს.
რუსეთის სამსახურში ყოფნით დაბრმავებული კობახიძე დღეს ღიად უცხადებს ომს და პოლემიკას ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარნიორებს. დასავლეთთან პოლემიკურ ომში შესვლას კობახიძეს ურჩევნია, ჩირგვებიდან ამოყოს თავი და ოპოზიციას დაუჯდეს დებატში, სადაც მას ოფიციალურად ეწოდება საკადრისი სახელი. მაგრამ, კობახიძემ იცის რომ ის წააგებს ნებისმიერ დებატს, რადგან საამისოდ მას არც პასუხები გააჩნია და არც შესაბამისი რესურსი, - წერს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს რუსული კანონის ირგვლის საჯარო დისკუსია შესთავაზა.