ცენზურა პარლამენტში - ოხანაშვილი რუსული კანონის ხსენებაზე ოპოზიციას მიკროფონს უთიშავს, შენობაში არ შეუშვეს ონლაინმედია

15.04.24 10:39
ცენზურა პარლამენტში - ოხანაშვილი რუსული კანონის ხსენებაზე ოპოზიციას მიკროფონს უთიშავს, შენობაში არ შეუშვეს ონლაინმედია

პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა ცენზურით დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის ფონზე განიხილავს. 

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონპროექტს რუსულს უწოდებენ, მიკროფონს უთიშავს და საუბრის გაგრძელების საშაულებას არ აძლევს. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ოხანაშვილს რუსული კანონპროექტის განხილვის გადადება და ალტერნატიული, "ანტირუსული" კანონის განხილვა შესთავაზა, თუმცა მას მიკროფონი გაუთიშეს. 

მე არ ვიცი რუსული კანონი აქ, რომელიც ჩვენ აქ დღეს უნდა განვიხილოთ. ესეთი კანონი არ არსებობს... ჩემ გარეშე მიკროფონს ნუ რთავთ", - მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას. 

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არ დაუშვეს ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რაც „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გააპროტესტა. 

სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, - თქვა დეკანოიძემ, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.

ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ დეპუტატის მიერ გავრცელებული განცხადება „ტყუილია". არადა, ფაქტია, რომ რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.

პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.

თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები