გერმანიის საელჩომ "ოცნებას" კანცლერის სიტყვა ქართულად უთარგმნა

15.04.24 13:53
გერმანიის საელჩომ "ოცნებას" კანცლერის სიტყვა ქართულად უთარგმნა

კობახიძე-შოლცის შეხვედრა - გერმანიის საელჩო ამჯერად ქართულ თარგმანს ავრცელებს. საელჩო თარგმანს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მოსმენის პარალელურად აქვეყნებს. 

ოფიციალურ fACEBOOK გვერდზე საელჩო პრესკონფერენციიდან გერმანიის კანცლერის მთავარ გზავნილს ქართულად თარგმნის და თან ურთავს გერმანულ დედანს.  

საელჩოს თარგმანში შოლცის განცხადებიდან კიდევ ერთხელ არის გადმოტანილი კანცლერის უმთავრესი გზავნილი კობახიძისთვის, რომ "ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია" და რომ იმედოვნებს, ხელისუფლება ამ კანონს არ მიიღებს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]

ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა“, - წერს საელჩო.

მანამდე, გერმანიის ელჩმა შოლცის გამოსვლის ძირითადი ნაწილი თავად თარგმნა და ინგლისურ ენაზე გაავრცელა სოციალურ ქსელ X-ში.