ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა - შს მინისტრი

09.07.21 12:59
ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა - შს მინისტრი

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა" - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ეკუთვნის. 

პირველმა პოლიციელმა დღეს 5-6 ივლისის მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ვგმობ არა მარტო ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე და მით უმეტეს ჟურნალისტებზე.  აქ იყო გათვლა, რომ ეს ორი ძალა: მარში, რომელსაც უნდა ჩაევლო რუსთაველზე და მეორე მხარე, ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა. 6 საათზე ველოდებოდით ამ ადამიანების შეკრებას, ზუსტი დრო და ადგილი, სამწუხაროდ, არ გვითხრეს, სად უნდა შეკრებილიყვნენ. შემდეგ თქვეს ფილარმონია. ფილარმონიასთან მობილიზებული იყვნენ რადიკალური ძალები და იყო განკუთვნილი ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ შეჯახებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, არც გვიფიქრია. პირდაპირ გეუბნებით, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა, მაგას ვერავინ წარმოიდგენდა", - განაცხადა გომელაურმა.