პროკურატურას თავისივე მთავარმა მოწმემ გადაახია საქმე - ვატო წერეთელი

09.07.21 13:14
პროკურატურას თავისივე მთავარმა მოწმემ გადაახია საქმე - ვატო წერეთელი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის თაროდან ჩამოღებული საქმე - ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მიიჩნევს, რომ საქმის სასამართლოში დაბრუნება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ გზებით დამოუკიდებელი ტელევიზიის გაჩუმებას  ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვა. 

პროკურატურას აუყირავდა ყველაფერი, იმიტომ რომ მთავარმა მოწმემ გადაახია თავისივე საქმე თავზე პროკურატურას. ამიტომ ამ სასამართლოზე ლაპარაკიც კი ზედმეტი არის, რატომ ხდება ეს ყველაფერი ერთიანი სურათი ყევლამ ვიცით, მოდის არჩევნები და ცდილობენ, მთელი ძალით გადაწიონ, მაგრამ შანსი გაქვთ 0. ირაკლი შენ გაქვს შანსი 0", - ამბობს ვატო წერეთელი. 

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება. პროცესი 3 საათზე დაიწყება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება,რომელიც გამომძიებელია. უცნობია, რა შინაარსის ჩვენებას მისცემს  პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, თუმცა წინა სხდომაზე პროკურატურის მოწმემ ბრალდების მხარისთვის არასასურველი ჩვენება მისცა და საქმის ფიგურანტების ბრალეულობა ვერ დაინახა. საქმე ეხება ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჩვენებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქმეში დანაშაული საერთოდ არ იკვეთება და მითუმეტეს, ტრანზაქციებთან შემხებლობა ტვ პირველის დირექტორის მამას არ ჰქონია.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა  TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.